საქართველო

საქართველო

Tuesday, August 9, 2016

კონკურსის "ერთად გავიცნოთ საქართველო"  I ტურის გამარჯვებულთა შთაბეჭდილებები


გიორგი ქიბიშაური:
"მე ვარ გიორგი ქიბიშაური. გამარჯვებული გავხდი "საბავშვო ბლოგის" მორიგ შესანიშნავ კონკურსში „ერთად გავიცნოთ საქართველო“. 
თამთა გურგენიძემ "საბავშვო ბლოგის" ერთ-ერთმა შემქმნელმა და ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა გაგვიკეთა ისეთი საჩუქარი, რომელიც კალამს, ფანქარს და ამის მსგავს ნებისმიერ საჩუქარს სჯობს. ჩვენ ვიყავით მეტეხის, წმიდა დავით წინასწარმეტყველის, ჯვრის მამის, წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში.
ამით თამთა მასწავლებელმა ჩვენ მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი: კარგად გატარებული დრო და ცოდნა. გადავიღეთ უამრავი ფოტო, გავატარეთ კარგი დრო და „გავიცანით საქართველო“, ამჯერად თბილისი...
იმაზე კარგად გავატარე დრო ვიდრე ვიფიქრებდი... ის ტაძრები ვნახე , რომლებიც არც კი მქონდა ნანახი მაგრამ ძალიან ემოციურად შევხვდი ახალ ტაძრებს. ტაძრებიდან ისეთი ხედი იშლებოდა, რომ ლოცვა მოგინდებოდა, დაგელოცა ეს ლამაზი თბილისი, საქართველო... ტაძრებში ძალიან ლამაზი ფრესკები იყო. სასწაული რომელიც ჩემი თვალით ვნახე: გაჭრილ ხეში ჯვარი იყო გამოსახული...
მოკლედ , თამთა მას უღრმესი მადლობა არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ ამ დიდი საჩუქრისთვის, მაგრამ ყოველთვის ვეცდები გაგახაროთ ჩემი კარგი სწავლით."


ანა კუპრავა:
"მე მონაწილეობა მივიღე კონკურსში, "ერთად გავიცნოთ საქართველო". სხვა ბავშვებთან ერთად გავხდი I ტურის გამარჯვებული.
თამთა მასწავლებელმა წაგვიყვანა ძველ თბილისში და დაგვათვალიერებინა ტაძრები: მეტეხის, აბო თბილელის, ჯვრის მამის და სიონის. მართალია, ეს ტაძრები მე ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ ამ ექსკურსიით ბევრი რამ გავიგე ახალი. თამთა მასწავლებელმა გვიამბო ისტორიები ამ ეკლესიების შესახებ, აგრეთვე წმინდანების შესახებ. ჩვენც, ბავშვებმაც მოვყევით ჩვენი მოძიებული ისტორიები ტაძრებზე.
გზაში ძალიან ვიხალისეთ, მოშიებულებმა ცხელი თონის პურები ვიყიდეთ და გემრიელად მივირთვით.
თამთა მასწავლებელმა ყველა გამარჯვებულს საჩუქარი გადმოგვცა. მე საჩუქრად შემხვდა წიგნები: "წყალქვეშა სამყარო" და"საბავშვო ლოცვანი".
ძალიან გამეხარდა. მას შემდეგ საბავშვო ლოცვებს სკოლის ჩანთით ვატარებ. დილას და საღამოს ლოცვებს ვკითხულობ და ეს პატარა წიგნი ჩემი უსაყვარლესი თანამგზავრი გახდა.
დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის."


ნინო მაშავა:
"თამთა მასწავლებელმა „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის I ტურის გამარჯვებულები ექსკურსიაზე წაგვიყვანა. მოვილოცეთ მეტეხის, ჯვრის მამის, სიონის და წმიდა აბო თბილელის ტაძრები.
ვნახეთ ბევრი საინტერესო რამ, წმიდა ნინოს ჯვარი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მინაზე იყო გადმოსული.
ამ ექსკურსიამ დიდი გავლენა მოახდინა პირადად ჩემზე. ჩემს მასწავლებელთან და მეგობრებთან ერთად გასაოცარი დრო გავატარე. სახლში შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი."






დიმიტრი მაისურაძე:
"გამარჯობათ! მე ვარ დიტო მაისურაძე. „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის „ერთად გავიცნოთ საქართველო“ I ტურის გამარჯვებული.
მე მინდა გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც ექსკურსიის შემდეგ დამრჩა. თამთა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ წავეყვანეთ თბილისის ძველ ტაძრებში.
ბავშვებმა მართლაც, მოვილოცეთ ტაძრები. მე ტაძრებს შორის ყველაზე მეტად სიონის საკათედრო ტაძარი მომეწონა. სიონის მრავალი ტაძარი არსებობს, მაგრამ თბილისში ულამაზესი ტაძარია. ის ღვთისმშობლის სახელობისაა.
თამთა მასწავლებელს უნდოდა წავეხალისებინეთ და გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა. მე ძალიან მომეწონა წიგნები: „ძველი ეგვიპტე“ და „პატრიარქის ქადაგებები ბავშვებისთვის“.
შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვესვენა და გავჩერდით პარკში. იქ ბავშვები ვსაუბრობდით, ვთამაშობდით და ვხუმრობდით.
მე ექსკურსიის შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა და ამ შთაბეჭდილებებს მუდამ შევინახავ. დიდი მადლობა!"


ელენე ქიბიშაური:
"„საბავშვო ბლოგის“ კონკურსში „ერთად გავიცნოთ საქართველო“ I ტურის გამარჯვებულები თამთა მასწავლებელმა წაგვიყვანა წმიდა დავით წინასწარმეტყველის, მეტეხის, ჯვრის მამის, სიონის ტაძრებში და წმიდა აბო თბილელის წამების ადგილზე.
ყველა ეს ტაძარი ძალიან მომეწონა. მე ამ ტაძრებში ნამყოფი არ ვიყავი და ამიტომ ძალიან გამეხარდა რომ მათი ნახვის საშუალება მომეცა. ტაძრებში ძალიან ლამაზი ფრესკები იყო.
ბავშვებმა და თამთა მასწავლებელმა ტაძრები მოვილოცეთ. შემდეგ ერთ ლამაზ ბაღში დავსხედით, შოთის პურები მივირთვით და თან მხიარულ ამბებს ვყვებოდით.
მე ამ პატარა ექსკურსიაზე ძალიან ვიხალისე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემს მასწავლებელთან და მეგობრებთან დროის გატარება."



სალომე მარტაშვილი:
"30 მაისს „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებულები და თამთა მასწავლებელი წავედით თბილისის ტაძრების მოსალოცად. მოვილოცეთ მეტეხის, სიონის, ჯვრის მამის ტაძრები, სადაც ბავშვებმა მოვყევით მცირედი ისტორია ამ ტაძრების შესახებ, დავათვალიერეთ აბო თბილელის წამების ადგილი. მეტეხის ტაძარში შესვლის დროს ერთ-ერთმა ტაძრის მსახურმა მოგვითხრო მეტეხის ტაძრის შესახებ.
შემდეგ თამთა მასწავლებელმა მეტეხის ტაძრის ეზოში გადმოგვცა საჩუქრები. ლამაზ ხედებთან გადავიღეთ ფოტოები. ჯვრის მამის ტაძრის მოლოცვის შემდეგ სიონის ტაძარი მოვილოცეთ. იქ ძალიან ბევრი ყვავილები იყო და ძალიან ალამაზებდა ტაძარს. სანამ სიონის ტაძარში მივიდოდით, გზაში შევისვენეთ. მოვყევით საინტერესო და მხიარული ამბები, ბევრი ვიცინეთ.
თამთა მასწავლებლის მიერ საჩუქრად გადმოცემული წიგნები ავიღეთ და წამოსვლის დროს გზაში დავიწყეთ კითხვა.
მე ეს ექსკურსია ძალიან მომეწონა."


მარიამ შამანაური:
"30 მაისს მე, თამთა მასი და „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის I ტურის გამარჯვებულები ეკლესიების მოსალოცად წავედით.
მოვილოცეთ მეტეხის, ჯვრის მამის, წმიდა დავით წინასწარმეტყველის და სიონის ეკლესიები. ტაძრების ეზოებში იყო ულამაზესი მცენარეები და მოჩანდა ულამაზესი ხედები. თამთა მასწავლებლისგან და ბავშვებისგან ამ ტაძრების შესახებ ბევრი რამ გავიგე.
გზად ჩვენ ერთ ლამაზ ბაღში შევისვენეთ და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ.
საჩუქრად ყველას საინტერესო წიგნები დაგვირიგეს.
ჩემთვის ეს ექსკურსია ძალიან საინტერესო იყო."