საქართველო

საქართველო

Saturday, October 15, 2016

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

„საბავშვო ბლოგის“ კონკურსის  „ერთად გავიცნოთ საქართველო“ II ტური დაიწყო!


II ტურში წარმოდგენილია ორი საკონკურსო თემა და ამ თემების შესაბამისი, დაახლოებით 15 წუთიანი ვიდეოები. მათში მოთხრობილია საკონკურსო თემების შესახებ.




საკონკურსო თემებია:

1. ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი, აფხაზეთი


2. იკორთის ტაძარი, შიდა ქართლი


I ტურისგან განსხვავებით, II ტურში მოსწავლეები თემებს აღარ გზავნიან ინტერნეტის საშუალებით. II ტურში მოხდება I ტურში გამარჯვებულ ბავშვებთან პირადად შეხვედრა და ისინი საკონკურსო თემებს დაწერენ უშუალოდ შეხვედრისას.
მოსწავლეებს თემების დასამუშავებლად ეძლევათ 1 თვე.

II ტური დაახლოებით ჩატარდება ნოემბრის ბოლოს. კონკურსის II ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე miqarcmindeli@gmail.com ან ფეისბუქ-გვერდზე: „საბავშვო ბლოგი“.



Tuesday, August 9, 2016

კონკურსის "ერთად გავიცნოთ საქართველო"  I ტურის გამარჯვებულთა შთაბეჭდილებები


გიორგი ქიბიშაური:
"მე ვარ გიორგი ქიბიშაური. გამარჯვებული გავხდი "საბავშვო ბლოგის" მორიგ შესანიშნავ კონკურსში „ერთად გავიცნოთ საქართველო“. 
თამთა გურგენიძემ "საბავშვო ბლოგის" ერთ-ერთმა შემქმნელმა და ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა გაგვიკეთა ისეთი საჩუქარი, რომელიც კალამს, ფანქარს და ამის მსგავს ნებისმიერ საჩუქარს სჯობს. ჩვენ ვიყავით მეტეხის, წმიდა დავით წინასწარმეტყველის, ჯვრის მამის, წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში.
ამით თამთა მასწავლებელმა ჩვენ მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი: კარგად გატარებული დრო და ცოდნა. გადავიღეთ უამრავი ფოტო, გავატარეთ კარგი დრო და „გავიცანით საქართველო“, ამჯერად თბილისი...
იმაზე კარგად გავატარე დრო ვიდრე ვიფიქრებდი... ის ტაძრები ვნახე , რომლებიც არც კი მქონდა ნანახი მაგრამ ძალიან ემოციურად შევხვდი ახალ ტაძრებს. ტაძრებიდან ისეთი ხედი იშლებოდა, რომ ლოცვა მოგინდებოდა, დაგელოცა ეს ლამაზი თბილისი, საქართველო... ტაძრებში ძალიან ლამაზი ფრესკები იყო. სასწაული რომელიც ჩემი თვალით ვნახე: გაჭრილ ხეში ჯვარი იყო გამოსახული...
მოკლედ , თამთა მას უღრმესი მადლობა არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ ამ დიდი საჩუქრისთვის, მაგრამ ყოველთვის ვეცდები გაგახაროთ ჩემი კარგი სწავლით."


ანა კუპრავა:
"მე მონაწილეობა მივიღე კონკურსში, "ერთად გავიცნოთ საქართველო". სხვა ბავშვებთან ერთად გავხდი I ტურის გამარჯვებული.
თამთა მასწავლებელმა წაგვიყვანა ძველ თბილისში და დაგვათვალიერებინა ტაძრები: მეტეხის, აბო თბილელის, ჯვრის მამის და სიონის. მართალია, ეს ტაძრები მე ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ ამ ექსკურსიით ბევრი რამ გავიგე ახალი. თამთა მასწავლებელმა გვიამბო ისტორიები ამ ეკლესიების შესახებ, აგრეთვე წმინდანების შესახებ. ჩვენც, ბავშვებმაც მოვყევით ჩვენი მოძიებული ისტორიები ტაძრებზე.
გზაში ძალიან ვიხალისეთ, მოშიებულებმა ცხელი თონის პურები ვიყიდეთ და გემრიელად მივირთვით.
თამთა მასწავლებელმა ყველა გამარჯვებულს საჩუქარი გადმოგვცა. მე საჩუქრად შემხვდა წიგნები: "წყალქვეშა სამყარო" და"საბავშვო ლოცვანი".
ძალიან გამეხარდა. მას შემდეგ საბავშვო ლოცვებს სკოლის ჩანთით ვატარებ. დილას და საღამოს ლოცვებს ვკითხულობ და ეს პატარა წიგნი ჩემი უსაყვარლესი თანამგზავრი გახდა.
დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის."


ნინო მაშავა:
"თამთა მასწავლებელმა „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის I ტურის გამარჯვებულები ექსკურსიაზე წაგვიყვანა. მოვილოცეთ მეტეხის, ჯვრის მამის, სიონის და წმიდა აბო თბილელის ტაძრები.
ვნახეთ ბევრი საინტერესო რამ, წმიდა ნინოს ჯვარი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მინაზე იყო გადმოსული.
ამ ექსკურსიამ დიდი გავლენა მოახდინა პირადად ჩემზე. ჩემს მასწავლებელთან და მეგობრებთან ერთად გასაოცარი დრო გავატარე. სახლში შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი."






დიმიტრი მაისურაძე:
"გამარჯობათ! მე ვარ დიტო მაისურაძე. „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის „ერთად გავიცნოთ საქართველო“ I ტურის გამარჯვებული.
მე მინდა გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც ექსკურსიის შემდეგ დამრჩა. თამთა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ წავეყვანეთ თბილისის ძველ ტაძრებში.
ბავშვებმა მართლაც, მოვილოცეთ ტაძრები. მე ტაძრებს შორის ყველაზე მეტად სიონის საკათედრო ტაძარი მომეწონა. სიონის მრავალი ტაძარი არსებობს, მაგრამ თბილისში ულამაზესი ტაძარია. ის ღვთისმშობლის სახელობისაა.
თამთა მასწავლებელს უნდოდა წავეხალისებინეთ და გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა. მე ძალიან მომეწონა წიგნები: „ძველი ეგვიპტე“ და „პატრიარქის ქადაგებები ბავშვებისთვის“.
შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვესვენა და გავჩერდით პარკში. იქ ბავშვები ვსაუბრობდით, ვთამაშობდით და ვხუმრობდით.
მე ექსკურსიის შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა და ამ შთაბეჭდილებებს მუდამ შევინახავ. დიდი მადლობა!"


ელენე ქიბიშაური:
"„საბავშვო ბლოგის“ კონკურსში „ერთად გავიცნოთ საქართველო“ I ტურის გამარჯვებულები თამთა მასწავლებელმა წაგვიყვანა წმიდა დავით წინასწარმეტყველის, მეტეხის, ჯვრის მამის, სიონის ტაძრებში და წმიდა აბო თბილელის წამების ადგილზე.
ყველა ეს ტაძარი ძალიან მომეწონა. მე ამ ტაძრებში ნამყოფი არ ვიყავი და ამიტომ ძალიან გამეხარდა რომ მათი ნახვის საშუალება მომეცა. ტაძრებში ძალიან ლამაზი ფრესკები იყო.
ბავშვებმა და თამთა მასწავლებელმა ტაძრები მოვილოცეთ. შემდეგ ერთ ლამაზ ბაღში დავსხედით, შოთის პურები მივირთვით და თან მხიარულ ამბებს ვყვებოდით.
მე ამ პატარა ექსკურსიაზე ძალიან ვიხალისე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემს მასწავლებელთან და მეგობრებთან დროის გატარება."



სალომე მარტაშვილი:
"30 მაისს „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებულები და თამთა მასწავლებელი წავედით თბილისის ტაძრების მოსალოცად. მოვილოცეთ მეტეხის, სიონის, ჯვრის მამის ტაძრები, სადაც ბავშვებმა მოვყევით მცირედი ისტორია ამ ტაძრების შესახებ, დავათვალიერეთ აბო თბილელის წამების ადგილი. მეტეხის ტაძარში შესვლის დროს ერთ-ერთმა ტაძრის მსახურმა მოგვითხრო მეტეხის ტაძრის შესახებ.
შემდეგ თამთა მასწავლებელმა მეტეხის ტაძრის ეზოში გადმოგვცა საჩუქრები. ლამაზ ხედებთან გადავიღეთ ფოტოები. ჯვრის მამის ტაძრის მოლოცვის შემდეგ სიონის ტაძარი მოვილოცეთ. იქ ძალიან ბევრი ყვავილები იყო და ძალიან ალამაზებდა ტაძარს. სანამ სიონის ტაძარში მივიდოდით, გზაში შევისვენეთ. მოვყევით საინტერესო და მხიარული ამბები, ბევრი ვიცინეთ.
თამთა მასწავლებლის მიერ საჩუქრად გადმოცემული წიგნები ავიღეთ და წამოსვლის დროს გზაში დავიწყეთ კითხვა.
მე ეს ექსკურსია ძალიან მომეწონა."


მარიამ შამანაური:
"30 მაისს მე, თამთა მასი და „საბავშვო ბლოგის“ კონკურსის I ტურის გამარჯვებულები ეკლესიების მოსალოცად წავედით.
მოვილოცეთ მეტეხის, ჯვრის მამის, წმიდა დავით წინასწარმეტყველის და სიონის ეკლესიები. ტაძრების ეზოებში იყო ულამაზესი მცენარეები და მოჩანდა ულამაზესი ხედები. თამთა მასწავლებლისგან და ბავშვებისგან ამ ტაძრების შესახებ ბევრი რამ გავიგე.
გზად ჩვენ ერთ ლამაზ ბაღში შევისვენეთ და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ.
საჩუქრად ყველას საინტერესო წიგნები დაგვირიგეს.
ჩემთვის ეს ექსკურსია ძალიან საინტერესო იყო."





Saturday, April 9, 2016

"საბავშვო ბლოგის" კონკურსი "ერთად გავიცნოთ საქართველო..."

საქართველოს მტერი წარსულშიც ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ცდილობს ჩვენს სამშობლოს კუთვნილი ტერიტორიები წაართვას და მიითვისოს.
საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფე-დედოფლები, ქართველი მამულიშვილები უფლის რწმენით, ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგიის ერთგულებით, სამშობლოს სიყვარულით, ერთსულოვნებით, კარგი განათლებით ახერხებდნენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
ალბათ, გაგებული გექნებათ, ჩვენო პატარა მეგობრებო, რომ ავბედითობით საქართველოს ეკლესიის ბევრი ეკლესია-მონასტერია თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე... აგრეთვე, ბევრი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია სომხეთის ტერიტორიაზეც...
ალბათ, ისიც გექნებათ გაგებული, რომ დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სულ რამოდენიმე წლის წინ, 2008 წლის ზაფხულში შიდა ქართლის დიდი ნაწილიც რუსეთის მიერ იქნა დაპყრობილი.
ახლა კი დამპყრობელი ყველანაირად ცდილობს ყველა ქართულ ტაძარს, ციხე-სიმაგრეს, მდინარეს, ხიდს - ყველაფერს შეუცვალოს სახელები, წაშალოს ქართული კვალი. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ქართველმა ერმა დაივიწყოს საკუთარი სამშობლოს ნაწილი, დაპყრობილმა ტერიტორიამ კი - საკუთარი სამშობლო და ასე ცდილობს საქართველოს დაპატარავებას.
სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეშიც ვრცელდება პატარა კლიპები, ფილმები შიდა ქართლის დაპყრობილი ტერიტორიებიდან, სადაც ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს უკვე შეცვლილი აქვთ სახელები.
ბავშვებო, ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?"
პატარა ქეთო ლეკებმა მოიტაცეს... შემდეგ გატაცებული პატარა ქართველი გოგონა თავიანთი ადათ-წესების მიხედვით გაზარდეს, საქართველო და ქართველობა სრულებით დაავიწყეს... და როდესაც წლების შემდეგ ქეთო სამშობლოში თავის მშობლებთან მოხვდა, მან ვერ იცნო ისინი... სამაგიეროდ მშობლები ცნობდნენ წლების წინ დაკარგულ ქალიშვილს და თავიანთი უზარმაზარი რწმენით, სიყვარულით, სითბოთი ქეთოსაც გაახსენეს სამშობლო, ოჯახი... და დაიბრუნეს წლების წინ დაკარგული შვილი...
ჩვენც ისევე უნდა ვიცნობდეთ საქართველოს, საქართველოს ისტორიას, როგორც დედა იცნობს საკუთარ შვილს და მაშინ ჩვენი რწმენით, ლოცვით, სიყვარულით, ერთგულებით და ერთსულოვნებით აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას...

კონკურსში "ერთად გავიცნოთ საქართველო..." მონაწილეობის მიღება შეუძლია 
V-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს. მოსწავლემ უნდა დაწეროს ერთ-ერთი თემა საკონკურსო თემებიდან.

კონკურსში მოცემულია 4 თემა:
1. აფხაზეთი და აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები (მოქვის ტაძარი, ბიჭვინთის ტაძარი, ლიხნის ტაძარი, ბედიის მონასტერი);
2. შიდა ქართლი და შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლები (იკორთის ტაძარი, ნიქოზის სამონასტრო კომპლექსი, ცხინვალის საკათედრო ტაძარი, ერედვის ტაძარი);
3. ტაო-კლარჯეთი და ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები (ხახულის მონასტერი, ხანძთის მონასტერი);
4. ისტორიული ჰერეთი და ისტორიული ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები (ქურმუხის ტაძარი, ალიბეგლოს ტაძარი).

მოსწავლე ირჩევს ჩამოთვლილი 4 თემიდან ერთ-ერთს. შემდეგ მოსწავლემ უნდა მოიძიოს არჩეული თემის მიხედვით საქართველოს აღნიშნული კუთხის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მოკლე ინფორმაცია ამ კუთხეში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ და უნდა აირჩიოს შესაბამისი თემის ფრჩხილებში მითითებული ტაძრებიდან ერთ-ერთი, რომლის შესახებაც დაწვრილებით მოიძიებს ინფორმაციას.
მ ა გ ა ლ ი თ ა დ, თუ მოსწავლე ირჩევს, მე-2 თემას: "შიდა ქართლი და შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლები". მოსწავლემ უნდა მოიძიოს ზოგადი ინფორმაცია შიდა ქართლის შესახებ, ინფორმაცია შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ და თუ, მაგალითად, ფრჩხილებში მითითებული ტაძრებიდან აირჩევს იკორთის ტაძარს, ამ ტაძრის შესახებ უნდა მოიძიოს დაწვრილებით ინფორმაცია.

საკონკურსო თემების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ წიგნების და ინტერნეტში არსებული ინფორმაციების საშუალებით. ასევე თემების დაწერისას ძალიან დაგეხმარებათ, "საბავშვო ბლოგზე" ატვირთული გადაცემები, სადაც ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს გაიგებთ თქვენს მიერ არჩეული თემის ირგვლივ.
აქვე მოგაწვდით, "საბავშვო ბლოგზე" ატვირთული გადაცემების ლინკებს:
1. აფხაზეთი - http://afxazeti-dzeglebi.blogspot.com/
2. შიდა ქართლი - http://shidaqartlisdzeglebi.blogspot.com/
3. ტაო-კლარჯეთი - http://tao-klarjeti-dzeglebi.blogspot.com/
4. ისტორიული ჰერეთი - http://istoriulihereti.blogspot.com/


მოსწავლეებს თემების გამოგზავნა შეუძლიათ, ელ-ფოსტაზე: miqarcmindeli@gmail.com

თემა დაახლოებით უნდა იყოს 2-3 ფურცლიანი მაინც. თემის გამოგზავნისას მოსწავლემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

თემების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 
ელ-ფოსტის miqarcmindeli@gmail.com  ან "საბავშვო ბლოგის" ფეისბუქ-გვერდის საშუალებით.

წარმატებებს გისურვებთ!